რეზონანსი
15.10.2018

 (რეზონანსი) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გატაცებულ გოგოს მესამე დღეა ეძებენ. ორმა პირმა 17 წლის გოგო სახლიდან, 12 წლის დის თანდასწრებით მოიტაცა. შემთხვევა 12 ოქტომბერს, საღამოს საათებში მოხდა.

როგორც გატაცებულის ნათესავმა, ქაზანფარ მამედოვმა განაცხადა, მოტაცებამდე ცოტა ხნით ადრე მოზარდი სკოლიდან სახლში დაბრუნდა.

"საღამოს, ექვსი საათი ან შვიდის თხუთმეტი წუთი იყო დაახლოებით, რომ დამირეკეს. სახლში სკოლიდან დაბრუნდა და საჭმელს ჭამდა პატარა დასთან ერთად. მამაც სახლში ყოფილა, მაგრამ რომ გავიდა სახლიდან, გარეთ უთვალთვალებდნენ თურმე. როგორც კი გავიდა და მოშორდა სახლს, შევარდნენ სახლში და გამოათრიეს. იმის მერე არც არავის უნახავს. მთელი ღამე პოლიცია ეძებდა და ჩვენც ვეძებდით, მაგრამ ვერ მივაგენით კვალს", - ამბობს ქაზანფარ მამედოვი "ნეტგაზეთთან",

მისივე თქმით, მოზარდის ოჯახმა უკვე იცის, ვინ გაიტაცა გოგო, თუმცა თავად გატაცებული მას არ იცნობდა.

"ოჯახიდან გავიგეთ, მაგათი საძმაკაცოდან. თვითმხილველები არიან სოფელში, რომელთაც გვითხრეს, ვინ იყო მძღოლი და ა.შ.

ვიზეც იძახიან, ცოლობის მიზნით წაიყვანაო... არც ვიცით, რა ხდება, იმიტომ, რომ ის ბიჭი სხვა ადამიანზე იყო დანიშნული, საცოლე ჰყავდა. ეს გოგო 17 წლისაა, სწავლობდა, გეგმაშიც არ ჰქონდა ასეთი რამ და ფიზიკურად არც იცნობდნენ ერთმანეთს. ძალით, ყვირილით, წივილით, ხელის აფარებით წაიყვანეს", - დასძენს მამედოვი.

შსს-ში აცხადებენ, რომ გატაცებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×