ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, "ავერსის" კლინიკას არასწორი ჩანაწერის გაკეთებაში ადანაშაულებს. წერილობით განმარტება მატროსოვის ციხიდან შს ყოფილმა მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელdა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
„კლინიკა "ავერსის" კვლევებში გაჩნდა ჩანაწერი, თითქოს, მე განვაცხადე, რომ კვლევებამდე 2 კვირით ადრე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია. სიმპტომის აღმოჩენიდან, 3 აგვისტოს მერე, ჯანმრთელობის თვალსაზრისით გაუმჯობესება არ ყოფილა,“ - აღნიშნულია მერაბიშვილის წერილში.
"მედიქლაბში" ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ გამართული კონსილიუმის შედეგად ექიმები შეჯერდნენ, რომ მერაბიშვილს იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ექიმებმა ვერ გაიგეს, რამ გამოიწვია ჰორნერის სინდრომი.
მერაბიშვილს დაავადების პირველი ნიშნები აგვისტოს დასაწყისში გამოუვლინდა. ადვოკატების თქმით, ციხის ექიმები ყოფილ პრემიერს თავდაპირველად კონუქტივიტზე ანუ თვალის ანთებაზე და რინიტზე, იგივე სურდოზე, მკურნალობდნენ, რის შემდეგაც მერაბიშვილის მდგომარეობა დამძიმდა.