"გირჩელი" ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ კანონს არ არღვევს და კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი მაინც გაიმართება.
„რის გაკეთებასაც მე ვაპირებ 20 ოქტომბერს, ამის უფლება მომანიჭა საკონსტიტუციო სასამართლომ და ჩემი აზრით, ამით არ ვარღვევ კანონს. ყველას, ვინც ფიქრობდა ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღებას, ვეუბნები, რომ ეს ფესტივალი ჩატარდება, "დედა ენის" ბაღში, 20 ოქტომბერს, 14:20-ზე. ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, მოვუწოდებ მოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა. გაქვთ შანსი პირდაპირ ეთერში ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს, თუ შსს-ს განცხადება სერიოზულია, რისაც მე არ მჯერა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი განმარტებით, კანაფის მოხმარების უფლებას მას საკონსტიტუციო სასამართლო აძლევს და თუ შსს ამას მაინც დანაშაულად მიიჩნევს, ის 2016 წლის მსგავსად, როცა 31 დეკემბერს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში დათესა მარიხუანა, ახლაც ჩაიდენს დაუმორჩილებლობის აქტს.