(რეზონანსი) საქართველოს პატრიარქი ზეწოლის ქვეშ არის და მას გადადგომას აიძულებენ - ამ სკანდალური განცხადების ავტორი თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილია. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, საპატრიარქოს სამდივნო, მაღალი იეარქები და ასევე ბიზნესმენთა ნაწილი უწმინდესს მოუწოდებენ გადადგომის შესახებ ხვალ, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე განაცხადოს. თეოლოგის განცხადებით, ამით გარკვეულ ჯგუფს პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს გაპატრიარქება, ილია მეორეს სიცოცხლეშივე სურს.
„თუ რატომ უნდათ მისი კათოლიკოს პატრიარქად დადგინება, ესეც არ არის საიდუმლო, რადგან მეუფე შიო საკუთარი მსოფლმხედველობრივი აზროვნებით, პირადი კონტაქტებით დაკავშირებულია რუსეთის ეკლესიის პლატფორმასთან. როგორც მაღალი სამღვდელო იერარქიის, ისე რიგითი სამღვდელო დასის წარმომადგენლებიც, რომლებიც აცნობიერებენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი ადმინისტრაცია შეიცვალა, გარკვეულწილად ზოგიერთი მათგანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება იმ ფინანსური მანიპულაციებისთვის, ზნეობრივი დაცემისთვის, რომელსაც ისინი საკუთარ თავში წარმოადგენენ. ამიტომ მათთვის პრობლემურია ცვლილება ადმინისტრაციისა, რომელიც არ იქნება მათი ინტერესების დამცველი, რადგან ის დაგროვილი კაპიტალი, რომელიც მათ გააჩნიათ, მაფიოზური გზით მოპოვებული, უნდა შენარჩუნდეს, მათი აზრით, და ცხადია, უსაფრთხოების გარანტიებიც მათთვის მნიშვნელოვანია," - განაცხადა ტიგინაშვილმა.
თეოლოგის თქმით, მეუფე შიოს კათოლიკოს პატრიარქად კურთხევა ილია მეორეს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ჩანაფიქრია, რომელიც რუსეთის ინტერესების გამტარებელია.
თეოლოგის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, შეთავაზებაზე მკაცრ უარს აცხადებს და მის გადაწყვეტილებაში მყარია.