საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი ზურა მორჩილაძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ის სამართალდამცველებმა სცემეს და დიუმას ქუჩაზე მოკლული ვიტალი საფაროვის მკვლელობის საკუთარ თავზე აღებას სთხოვდნენ. ის ნამდვილად შეესწრო „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ თანამშრომლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის ფაქტს, რაზეც სამართალდამცველებმა ის მოწმის სტატუსით დაკითხეს. ოფიცრის განმარტებით, მის მიმართ ზეწოლის არანაირ ფაქტს ადგილი არ ჰქონდა.
„რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტში რაც ვნახე, სრული სიცრუე და ცილისწამებაა. ჩემს მიმართ არავის განუხორციელებია არც ფიზიკური, არც მორალური და არც ფსიქოლოგიური ზეწოლა. ჩვეულებრივად, მოწმის სტატუსით დავიკითხე და ვუთხარი ყველაფერი, როგორც იყო. დიახ, იმ პერიოდში, ვიტალი საფაროვის მკვლელობისას იქ ვიმყოფებოდი, შევესწარი მკვლელობას და გამოძიებას, როგორც საჭიროა, ყველაფერი მოვუყევი.
რის საფუძველზე გავრცელდა ასეთი ინფორმაცია არ ვიცი. პირადად ჟურნალისტს დავუკავშირდი და ვუთხარი ჩემი სათქმელი, რომ ეს სიუჟეტი არ უნდა გასულიყო, იმიტომ, რომ საერთოდ არ შეიცავს სიმართლეს“, - განუცხადა მორჩილაძემ "აიპიენს".