ამ დილით საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს ქართველი გოგონა, რომელიც დიდი ალბათობით მოკლულია. იგი 1994 წელს არის დაბადებული და საკმაო ხანი ემიგრაციაში ცხოვრობდა. სოფო წიკლაურს 2 თვის ბავშვი დარჩა, რომელსაც 2 დღის განმავლობაში ძაღლი დარაჯობდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. "ცხედარი გადასვენებულია ბიუროში. გამოძიებას აწარმოებენ საბერძნეთის საგამოძიებო სტრუქტურები. ათენში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა მათთან“, - აცხადებენ სამინისტროში.
ქართველი ემიგრანტები კი წერენ, რომ ყველა ემიგრანტის და მათ შორის დაღუპულების ცოდვა მთავრობების კისერზეა, რომლებიც არაფერს აკეთებენ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შესაქმნელად:
"ეს ქვეყანა ერთ დიდ ბაზარს დაამსგავსეს და ასანთის ქარხანა რომ ააშენო, ან ლიცენზიას ვერ აიღებ ან კრედიტი დაგახრჩობს, ან იმდენი დაგიჯდება მისი წარმოება რომ ვერ გაყიდი. მიდის და მიდის ხალხი საზღვარგარეთ ლუკმაპურისთვის და აი, შედეგიც. ჩვენ ქვეყანა არ ვართ! ღმერთმა გაანათლოს ამ პატარა გოგონას სული. გული მომიკვდა საცოდაობით" - წერს ერთ-ერთი მათგანი.
