რეზონანსი
10.10.2018

 (რეზონანსი) 2018 წლის 1 ოქტომბრიდან იკრძალება და დასჯადი ხდება პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია. თავდაპირველად აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება. ამის მიუხედავად, მაღაზიებში მომხმარებლებს მაინც პარკებში უწყობენ პროდუქტებს. როგორც უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი ამბობს, ბიზნესს ეძლევა საშუალება, რომ უკვე დამზადებული პოლიეთილენის თხელი პარკები ამოყიდოს, თუმცა 15 ოქტომბრიდან ეს აიკრძალება. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც ზაზა ხუციშვილი განმარტავს, 15 მიკრონამდე სისქის პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე კონტროლი 15 ოქტომბრიდან დაიწყება.

"ჩვენ ბიზნესს დრო უნდა მივცეთ იმისთვის, რომ რაც უკვე გაშვებული აქვთ წარმოებაში, ის ამოყიდოს. ეს არის ყველაზე თხელი პარკები, რომლებიც ადვილად იხევა, ქარს მიაქვს და საშინლად აბინძურებს გარემოს. ამის დეგრადირებას თითქმის 200 წელი უნდა. შემდეგი წლის აპრილიდან პოლიეთილენის პარკებზე საერთოდ უარს ვიტყვით. დღევანდელი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ ბიოდეგრადირებადი მასალებისგან იყოს დამზადებული პარკები. ამას გარდა, ძალიან კარგი ტრადიცია იყო, როდესაც ოჯახში ყველას, ნაჭრის პარკები ჰქონდათ და ასე დადიოდნენ მაღაზიებსა და ბაზარში. ვფიქრობ, ეს ტრადიცია აღდგება, რადგან ყველა ერთად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ქვეყანას ერთად უნდა გავუფრთხილდეთ. ეს არ არის იძულება, ეს არის იმისთვის, რომ გარემო დიდ ნაგავსაყრელს არ დაემსგავსოს.

რაც შეეხება კონტროლს, როგორც წესი, აღსრულების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი კონტროლი იქნება", - თქვა ზაზა ხუციშვილმა.

რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარით. განმეორებით ჩადენილი ქმედების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 ლარით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×