(რეზონანსი) ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია "იბერიას" და "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. როგორც ჩხარტიშვილის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, "რუსთავი2"-ის და "იბერიას" ეთერში გასულმა აუდიო ჩანაწერებმა, რომელიც "ომეგა ჯგუფის" სკანდალურ საქმეს ეხებოდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატივი და ღირსება შელახა.
"იდევ ერთი ბრიტანული საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით, „ომეგა ჯგუფის" საქმეზე ვანო ჩხარტიშვილის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია"- თქვა ადვოკატმა, თუმცა დასკვნაში ექსპერტი განმარტავს, რომ მას არ აქვს ორიგინალი ჩანაწერი და იმ შემთხვევაში თუ სრულ ფაილებს ნახავს, შესაძლოა დასკვნა შეცვალოს.
ხატიაშვილის განცხადებით, ექსპერტიზა ტელეკომპანიების ეთერში გასულ სამ აუდიო ჩანაწერზე დიდ ოთხეულში შემავალმა ექსპერტიზის ბიურომ და ექსპერტმა უილიამ ვებსეტმა ჩაატარა და მისი დასკვნის ეჭვქვეშ დაყენება ფაქტობრივად შეუძლებელია. ადვოკატი ირწმუნება, რომ დასკვნის მიხედვით გამოიკვეთა არა მხოლოდ მონტაჟი, არამედ სიტყვების გადაადგილების ფაქტიც.
ხატიაშვილმა დღეს ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების საელჩოებს მიმართა და მოუწოდა ის პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზებს ეჭვქვეშ დააყენებენ, არ შეუშვან ქვეყნის საზღვარზე.