ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
„2018 წლის მარტის ბოლოს იაღოველებმა 80 წლის დედაჩემს ბუკლეტები მიაჩეჩეს ხელში, რის გამოც ისინი მივაბრძანე. იჩივლეს. იმავე დღეს სანზონის პოლიციაში ჩემი გამოკითხვა მოხდა. 4 ივნისს პოლიციაში ხელმეორედ დამიბარეს - აღმოჩნდა, რომ გამოძიება დაიწყო "რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის" ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციაში ჩვენების მისაცემად დამიბარეს.
მას შემდეგ, რაც 4 ივნისს ინფორმაცია აქ, ჩემს გვერდზე გამოვაქვეყნე, პროკურატურიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დაკითხვაზე აღარ მივსულიყავი, რადგან საქმე შეწყვეტილი იყო.
24 სექტემბერს პოლიციიდან კვლავ დამირეკეს. აღმოჩნდა, რომ ზემოხსენებულ საქმეზე გამოძიება ხელმეორედ დაიწყო.
ლიბერალების და სექტანტების აქტიურობის ფონზე, რასაც საფუძვლად უდევს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის მტკიცე მხარდაჭერა, გამორიცხული არ არის იეღოველების საჩივრის საფუძველზე ხელმეორედ დაწყებულმა გამოძიებამ სასამართლოში გადაინაცვლოს და ბრალდებულის სტატუსის მატარებელიც გავხდე" - წერს ნინო მიქიაშვილი.