
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასგან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ საქართველოში, შესაძლოა, უპილოტო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების წარმოება დაიწყო. „დელტამ“ "აიპიენს" ინფორმაცია მოაწოდა ცენტრის მიერ წარმოებულ პროდუქტებთან დაკავშირებით. ეს პროდუქტებია: მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა „დიდგორის“ სხვადასხვა მოდიფიკაციები, მათ შორის საპატრულო ჯავშანმანქანა "დიდგორი 1“, სადაზვერვო „დიდგორი 3“, „დიდგორი მედევაკი“, „დიდგორი მეომარი“, ინტეგრირებული ქსელების ჯავშანმანქანა, ქვეითთა საბრძოლო მანქანა“ლაზიკა“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122, შეჯავშნული საინკასაციო ჯავშანმანქანები, სპეციალური პროგრამით საინჟინრო განაღმვითი სამუშაოებისთვის შეჯავშნული ბულდოზერები, დიარმერები, დისრაფტორები და სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნები, სხვადასხვა ტიპის საცეცხლე მოდულები.
„მუშაობა მიმდინარეობს უპილოტო თვითმფრინავების და ვერტმფრენების მიმართულებითაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„ამ დროისთვის სსსტც „დელტა“ მუშაობს როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამხედრო ტექნიკის, ინდივიდუალური დაცვის სისტემებისა და აღჭურვილობით უზრუნველყოფის მიმართულებით, ისე ეროვნული წარმოების თანამედროვე სტანდარტებს მორგებული სამხედრო ტექნიკისა და პროდუქციის პროექტირებისა და ცენტრის მიერ წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანის მიმართულებითაც“, - აცხადებენ „დელტაში“.