(რეზონანსი) მოხსნილი სოციალური შემწეობის გამო, ხაშურის მცხოვრებმა დავით კილაძემ თავის დაწვა სცადა. ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.
კილაძე მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრა და საკუთარ პრობლემაზე გასაუბრება სურდა, თუმცა, როგორც ამბობს გიორგი გურასპაშვილი არ შეხვდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა პროტესტის ასეთი ფორმისთვის მიემართა.
"გამწარებულ ადამიანს კიდევ უფრო მამწარებდნენ. პრობლემის გულთან მიტანის ნაცვლად პოლიციას უთხრეს, რომ გიჟი ვარ და სათანადო დაწესებულებაში წავეყვანე. მერი არ უნდა მოსულიყო? როდესაც მისი სამსახურის წინ ადამიანი სუიციდს ცდილობს, მან სამუშაო საათების დასრულება უნდა მოიმიზეზოს და არ დაინტერესდეს რა ხდება? არ მჭირდება მათი დახმარება, ნება იბოძონ და დაგვასაქმონ. მეც და ჩემი მეუღლეც ჯანმრთელბი და შრომისუნარიანები ვართ. არ გვეზარება მუშაობა, მთავარია საარსებო საშუალება გაგვიჩნდეს", - განაცხადა დავით კილაძემ.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლება და შესაბამისი სამსახური საჭირო ზომებს არ მიიღებს, ისევ დაბრუნდება მერიასთან და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.