(რეზონანსი) ბათუმში, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა.
როგორც მან განაცხადა, საქართველო ვაჟა-ფშაველას ქვეყანაა და აქ ძალიან დიდ პატივს სცემენ სტუმარს, მაგრამ შეცდომა უნდა გამოსწორდეს.
„ე.წ. დიზაინერების ნებსით თუ უნებლიეთ შეცდომა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ამიტომ, მე მინდა, საჩუქარი გადავცე, საჩუქარი გავუგზავნო ჩვენს სტუმრებს, რომ მომავალში ასეთი უხერხულობა თავიდან იყოს არიდებული - ეს არის საქართველოს რუკა და ისტორია", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას, სადაც ფიდე-ს პრეზიდენტი აირჩიეს, რუსეთიდან, კერძოდ კი, ხანტი მანსიისკიდან დელეგაციაც ესწრებოდა.
ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეა.