რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რუსთაველის თეატრში სიტყვით გამოსვლისას ბოდიში მოუხადა იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც მის წინააღმდეგ შავ კამპანიას აწარმოებს.
"მე მინდა ბოდიში მოვუხადო ქალბატონ სალომეს იმ უზრდელი პოლიტიკოსების გამო, რომლებიც ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ ამ ბოლო დროს, ეს ჩემთვის მიუღებელია. ქართველმა თითქოს დაკარგა რაინდული სული და მე ზოგჯერ მრცხვენია.
მე ვიცი, რომ ქალბატონი სალომე გაიზარდა ისეთ ოჯახში, რომ მას საქართველო წარმოედგინა რაღაც იდეალურ ქვეყნად, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს იდეალური ქვეყანა დაამახინჯეს და უნდა ვაპატიოთ. ალბათ, თქვენ აპატიებთ კიდევაც იმ უგუნურ პოლიტიკოსებს მათი საშინელი სიტყვების გამო.
მომბეზრდა არაპროფესიონალები, რომლებიც გვასხედან თავზე და რატომღაც დაჩემებული აქვთ, რომ იციან როგორ მართონ ქვეყანა. მე მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ დაგვეუფლნენ ქაჯები და საქართველო წარმოადგენს ქაჯეთის ციხეს, მაგრამ ის სამი ვაჟკაცი არ ჩანს. დაე, ქალს მივცეთ ეს უფლება. ქალბატონო სალომე, ვიცი რომ თქვენ ისეთი კეთილშობილი ოჯახიდან ხართ, რომ თქვენ ნამდვილად გიყვართ საქართველო, როგორც მამაჩემი ამბობდა "ღდინამდე", – განაცხადა რობერტ სტურუამ.