(რეზონანსი) "სასტუმროს ასაშენებლად განკუთვნილი მიწა ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში დიმიტრი ქუმსიშვილმა წამართვა და გამიყიდა", - ამის შესახებ „კომერსანტს" კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.
„ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებელი ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან კონკრეტული მოლაპარაკებების დეტალებსაც იხსენებს.
„ქუმსიშვილს ვუთხარი, რომ სასტუმროს გაკეთება მსურდა და გავარკვიე ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე სხვას პრეტენზია არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მე სასტუმროს მშენებლობას აეროპორტის ტერიტორიაზე გადავიფიქრებდი. დიმიტრი ქუმსიშვილი დამთანხმდა და თქვა, რომ მიწას გამომიყოფდა. როდესაც არქიტექტურული და საინჟინრო პროექტის მომზადება დავიწყე მან მიწა თავის ფრანგ თანაშემწეს მიჰყიდა.
ამჟამად როგორი მდგომარეობაა? - „ქუმსიშვილს ჰკითხეთ რა ხდება, მე აღარაფერი ვიცი," - აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.
მიმდინარე წლის მარტში „კომერსანტისთვის" ცნობილი გახდა, რომ თამაზ გაიაშვილი თბილისის აეროპორტთან სავარაუდოდ „აკორ ჯგუფის" ბრენდის სასტუმროს აშენებდა. საუბარი იყო 120-დან 160- ნომრამდე სასტუმროზე, რომელიც 4-ვარსკვლავიანი იქნებოდა.
პროექტში 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმებოდა.