(რეზონანსი) საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ტყვია-წამალს უკანონოდ ყიდდნენ. დაკავებულია შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო, თუმცა არსებული ინფორმაციით, მინისტრის, ლევან იზორიას ბრძანებით, მომხდარი დამალეს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, დაკავებული სამი პირიდან ორი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია, ერთი კი სამოქალაქო პირია.
"საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის შენახვის განყოფილების საბრძოლო მასალის შენახვის სპეციალისტი გ.გ. დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის საშტაბო ასეულის მეთაურის მოადგილე ზ.მ.-სთან, რომლებიც შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ საბრძოლო მასალას კონკრეტულად საბრძოლო ვაზნებს, მოქალაქე ს.ბ.-ს დახმარებით ახდენდნენ რეალიზაციას", - განაცხადა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი ბაზერაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების ბინიდან, დამხმარე სათავსოდან და ავტომანქანიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები.
მათ 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.