ცნობილი გახდა, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ფარული ჩანაწერების საქმეზე, დღეს გამოკითხვაზე პროკურატურაში იმყოფებოდა, თუმცა მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
3 ოქტომბერს, ლევან ყიფიანს სასამართლოში გამოკითხავენ. ეს ინფორმაცია "ქრონიკას" პროკურატურის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
ასევე, პროკურატურის განცხადებით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გამოკითხვაზე დაიბარეს ზაზა ოქუაშვილი.
საუბარია სატელეფონო ჩანაწერზე, რომელშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი (2012-2015 წლებში) ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ელაპარაკება. საუბარში ბიძინა ივანიშვილის ნათესავის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სახელიც ფიგურირებს, რომელიც თითქოს „ომეგა ჯგუფის“ პრობლემებს აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა. უჩა მამაცაშვილმა ბრალდება უარყო და პროკურატურას საქმის გამოძიების დაწყება სთხოვა.