(რეზონანსი) ვანო მერაბიშვილი ექიმებთან ადასტურებს, რომ ორი კვირაა, მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყებაში განმარტავენ, რომ ვანო მერაბიშვილი „მედიქლაბში" სისხლის დამატებითი ანალიზებისთვის იქნა გადაყვანილი.
"26 სექტემბერსა და მანამდე ჩატარებული მრავალი კონსულტაციისა და სხვადასხვა სამოქალაქო კლინიკაში მაღალტექნოლოგიური კვლევების შედეგად, სრულად გამოირიცხა ორგანიზმში სიმსივნური პროცესი, რაც ზოგჯერ ჰორნერის სინდრომის ერთ-ერთ მიზეზად ვლინდება, ასევე გამოირიცხა ჰორნერის სინდრომის ისეთი მიზეზები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და სხვა.
"მედიკოსთა აზრით, სახეზე არც ინტოქსიკაცია არა არის და პაციენტი ამ მხრივ არავითარ დამატებით კვლევას არ საჭიროებს. სხვადასხვა სამოქალაქო კლინიკის ყველა ექიმის საერთო აზრით, მსჯავრდებულს მხოლოდ სჭირდება, არ შეწყვიტოს ის მკურნალობა, რაც დაენიშნა, რაზეც სამედიცინო პერსონალი დაკვირვებას აგრძელებს.
"მას დღეს და ხვალ ჩაუტარდება ტოქსიკოლოგის კონსულტაცია, მოხდება იმ მძიმე მეტალების იდენტიფიკაცია, რომელზეც მედიკოსთან აზრით მიზანშეწონილია ანალიზების ჩატარება როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. შედეგად, საბოლოოდ, დოკუმენტურად გამოირიცხება ის ეჭვიც, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ მსჯავრდებულის ადვოკატებს აქვთ", - აცხადებენ უწყებაში.