(რეზონანსი) „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს თანაგუნდელებთან შეხვედრაზე გამოეხმაურა.
ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ის ზაზა ოქუაშვილს შეხვდა. ყოფილი პრემიერი ირწუნება, რომ ბიზნესმენისთვის არანაირი თანხა არ მოუთხოვია და მან მხოლოდ მისი პრობლემები მოისმინა.
ივანიშვილმა პირდაპირი დავალება მისცა "ქართული ოცნების" წევრებს და მოსთხოვა ოქუაშვილის განცხადებებზე კითხვებს დაუსვამენ, მოითხოვონ ივანიშვილთან შეხვედრის დამადასტურებელი ჩანაწერის წარდგენა.
„ალბათ, წუხანდელი გადაცემაც ნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი. მე მართლაც შევხვდი მას ერთხელ და დავეხმარეთ მას ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს და მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე ან მიდის პრემიერამდე ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ. მაგრამ სხვა დანარჩენი, გასაგებია, ეს ღიმილის მომგვრელია მხოლოდ. ჩანაწერებს ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა, რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს და თუ ვინმეს შეგეკითხებიან და გკითხავენ წუხანდელ გადაცემაზე, პირველი რაც უნდა უპასუხოთ, რომ სად არის ჩანაწერები, ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერებიც და გვაჩვენოს ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა
ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ გადაცემა „კვირის აქცენტებში" გავიდა, სადაც მან ისაუბრა იმ რეკეტზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს. მისი თქმით, პირადად ივანიშვილმა მოსთხოვა 4 მილიონის გადახდა და ასევე, ამ დროს მის გვერდით მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, მათ შორის, გიორგი გახარია.