(რეზონანსი) „ჩემი რეაქცია არის ძალიან მარტივი - აღნიშნული განცხადება შევა კიდევ ერთი ანეკდოტების სიაში, რომელსაც ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ: ორსართულიანი მატარებელი გვირაბში ვერ გაეტევა, კახი კალაძე ვეტმფრენით გაფრინდა ყახაზეთში და ა.შ. ანეკდოტურია, ღიმილის მომგვრელია ჩემთვის. მე რომ ეს წავიკითხე, ეს ჩემთვის იყო ღიმილისმომგვრელი, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულს სთხოვს მეწარმეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზაზა ოქუაშვილის მიერ გამოთქმული ბრალდებების კომენტირებისას.
„პროკურატურა იძიებს ამ ჩანაწერებს და შესაძლო დანაშაულს. თუ მოქალაქე ლევან ყიფიანს აქვს ინფორმაცია დამატებით, მას შეუძლია მიაწოდოს. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ საქართველოში არ არასებობს ხელშეუხებელი პიროვნებები, არის კანონის უზენაესობა, გამოძიება არსებობს, არსებობს სასამართლო და არსებობს ქართული საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და შეაფასებს.
რაც შეეხება ბატონი ლევან ყიფიანის მონაწილეობას ამ ყველაფერში, მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას. პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს და დარწმუნებული ვარ ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მისცეს ის ჩვენება და ინფორმაცია, რასაც ფლობს.
რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვინმეს დაზარალებაზე, თუ ადამიანს რამე ფაქტები აქვს, ამ შემთხვევაში ბატონ ოქუაშვილს ვგულისხმობ, მან ეს ფაქტები ერთ პაკეტად უნდა შეკრას და მისი იურისტის ან ადვოკატის მეშვეობით წარუდგინოს საგამოძიებო ორგანოებს. ასე არის როდესაც ხდება ცივილურად საუბარი და ადამიანის უფლებების დაცვა. როდესაც ამას აქვს რაღაც პროცესის შექმნის იმიტაცია, აქ ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, მეც მიჩნდება და საზოგადოების დიდ ნაწილსაც ეს კითხვები უჩნდება დარწმუნებული ვარ. ჩვენ უნდა გავყოთ ის საკითხი, რომლის გაყოფაც არ სურს ბატონ ოქუაშვილს. ეს არის საქმე, რომელიც ეხება გადასახადების გადახდას და ყველა სხვა ეპიზოდს. არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადები არ გადაიხადოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო მეტი უპასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ ტელეკომპანიის საქმიანობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ გადასახადებს არ იხდის თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა. ეს არის ჩემთვის მიუღებელი და უფრო მეტიც, უპასუხისმგებლობის ზენიტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.