(რეზონანსი) ქართული ემიგრაციული დაჯგუფებების უმეტესობა უმოქმედოა. არსებობს გამონაკლისი დიასპორული ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ახერხებენ ისეთი საკითხების მოგვარებას, რომელიც უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობისათვის როგორც იდენტობის შესანარჩუნებლად, ასევე, სხვადასხვა ასპექტითაც. "ბერლინის ქართული სახლი" გამორჩეული ორგანიზაციაა, რომელიც საზღვარგარეთ გაბნეული ქართველებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ქმედითი ხერხებით აგვარებს.აღნიშნულ თემაზე "ქართული სახლის" დამფუძნებელმა თამარ შალამბერიძემ Ambebi.ge-სთან ისაუბრა.
"ჩვენი თემატური ჯგუფის დღევანდელი თემა მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისთვის დამატებითი იმპულსების შესაქმნელად, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ნაციონალური პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა და ხელს უწყობს არსებული კულტურული და მრავალეროვანი მსოფლიოს ხალხების ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას. საბჭოთა პერიოდის დროს, ხალხთა შორის საერთაშორისო ურთიერთობები, ფაქტობრივად, შეზღუდული და გაყინული იყო ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობების გამო. იმ დროში მხოლოდ რაციონალური, "ცივი" და ხისტი პოლიტიკა არსებობდა. ახლა კი გაჩნდა საჭიროება ასეთი ურთიერთობების გაფართოება-გაღრმავებისთვის, რისთვისაც აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, სხვადასხვა საშუალებითა და ხერხით. დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობა თავისთავად მოიაზრებს ადამიანურ კონტაქტებსა და კეთილგანწობილ ურთიერთობებს ნებისმიერი ერის, ფერის, რელიგიის, ორიენტაციის ადამიანებთან. ეს მაძლევს უფლებას განვაცხადო, რომ სახალხო დიპლომატიაში დიასპორული საზოგადოების პოტენციალი დღემდე არ არის ბოლომდე ათვისებული და რეალიზებული, რისთვისაც ბევრი რამეა საჭირო. მათ შორის, აუცილებელია მოხდეს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან იმ არასამთავრებო ორგანიზაციების აღიარება, რომელიც რეგისტრირებულია, აქვს არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება და ასევე, შეთავსებული აქვს დიასპორული ფუნქცია, რაც აისახება ასეთი ორგანიზაციების წარმომადგენელთა სხვადასხვა სამთავრობო ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობითა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართულობით. საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს ასეთი ორგანიზაციების საჭიროების შესახებ, ვინაიდან სახალხო დიპლომატია პოზიტიურ გავლენას ახდენს სახელმწიფოთა და საერთაშორისო ურთიერთობებზე, მას შეუძლია წარმოაჩინოს ჩვენი ქვეყანა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.
არასამთავრებო ორგანიზაციები თავისთავად არიან ჩართული ისეთ პროცესებში, რაც გამოიხატება სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებში, რამაც შემდგომ ასახვა პოვა ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო პოლიტიკურ პროცესებში. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის დიასპორულ ორგანიზაციებთან, რაც გამოიხატება ერთობლივ კულტურულ და ჰუმანიტარულ აქტივობებში. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ბერლინში, 2008 წლის ომის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ თვით რუსეთის პროგრესული ძალები, რომელთაც სათავეში ედგნენ რუსი წარმოშობის ბორის როსკინი და ალან მაიერი. ეს ადამიანები, გასაგები მიზეზების გამო, კარგა ხანს გერმანულ პოლიციას ჰყავდა აყვანილი დაცვის ქვეშ, უსაფრთხოების მიზნით. ამ აქციაზე, ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად მოსული იყვნენ აზერბაიჯანური, ჩეჩენური, ასევე: ლატვიის, ლიტვას, ესტონეთის, მოლდავეთის, უკრაინის, პოლონეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, ჩეხეთის დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასეთი მძლავრი, მულტინაციონალური პროტესტი რუსეთს არ უნახავს, ეს გახდა მიზეზი, რომ მათთვის არასასურველი ადამიანი გავხდი"!