(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული თ. ვ., 1985 წელს დაბადებული მ.დ., 1985 წელს დაბადებული ლ.გ., 1992 წელს დაბადებული ბ.რ., 1983 წელს დაბადებული ზ.კ. და 1989 წელს დაბადებული გ.ო.
ოპერატიული ღონისძიებები თბილისში, ქუთაისსა და წალკაში ჩატარდა.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში თურქეთში ქართველმა ე.წ. „კანონიერმა ქურდებმა" - მინდია გორაძემ (ლავასოღლი) და ჯეირან კინწურაშვილმა ერთ-ერთ ბრალდებულს „მაყურებლის" სტატუსი მიანიჭეს და მას წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს" შეკრების ორგანიზება დაავალეს. შსს-ის ცნობით, შეგროვებული თანხა საფრანგეთში მყოფი „კანონიერი ქურდის" - გიორგი ფოლადაშვილის მეტსახელად „სინკარას" დედას გადაერიცხა.
„იმისთვის, რომ „ქურდული საერთოს" შეგროვების პროცესს ორგანიზებული ხასიათი ჰქონოდა, მ.დ.-მ, ერთ-ერთ ბრალდებულთან - თ.ვ.-სთან ერთად, ე.წ. „ქურდული შეკრება" მოაწყო. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ე.წ. „ქურდული საერთოს" სია. ასევე, ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ," - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.