(რეზონანსი) ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკისა და საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც "ბათუმის რივიერის" სახელითაა ცნობილი, ახალი განაშენიანება იგეგმება.
ქალაქის ამ ნაწილში 6 ჰექტარ მიწას კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი" ფლობს. საინვესტიციო კომპანია თავის საკუთრებაში არსებული მიწის გარდა სახელმწიფო საკუთრებაზეც აპირებს პროექტების განხორციელებას, რაც მათ სახელშეკრულებო პირობებში უდევთ.
საერთო ჯამში, დაახლოებით, 9 ჰექტარამდე ტერიტორიაზე პროექტს „ბათუმის რივიერა" საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი" დააგეგმარებს. კერძოდ, „ჭაჭის თაუერის" მიმდებარე სკვერი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდება ოთხი საცხოვრებელი სახლი, 2 სასტუმრო და გაკეთდება ხელოვნური ყურე, მოეწყობა კაზინო და სხვა დაწესებულებები. პროექტის განმახორციელებელი „სილქ როუდ ჯგუფია", მისი ფინანსური მხარდამჭერი კი - „თანაინვესტირების ფონდი", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.