(რეზონანსი) „ძალიან მძიმე დღეა - შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი. 25 წლის წინ, ამ დღეს აფხაზეთის ოკუპაციას სისხლიანი წერტილი დაესვა", - განაცხადა დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მისულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
"აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა და ჩვენ, მომავალმა თაობებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი, არამხოლოდ როგორც ჩვენი ერთიანი ტერიტორიის ნაწილი, არამედ დავიბრუნოთ აფხაზი ხალხი - ჩვენი ძმები და დები. ერთობას, სიმშვიდეს, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას ნამდვილად ვერაფერი შეცვლის. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად ვიყოთ", - აღნიშნა კალაძემ.