რეზონანსი
26.09.2018

 აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 23%-ითაა გაზრდილი. ბათუმის ერთ-ერთი  სავიზიტო ბარათი კი საქალაქთაშორისო ავტოსადგურია. ადგილი, სადაც ვიზიტორების დიდი რაოდენობა იყრის თავს და რომელიც იმდენად საშინელ მდგომარეობაშია, რომ აღშფოთებას უცხოელი ტურისტებიც ვერ მალავენ.

„კომერსანტს“ დაუკავშირდა ტურისტი, რომელიც ამბობს, რომ ქალაქის ავტოსადგურში საშინელი ანტისანიტარიაა. მისი თქმით, ტურისტულ ქალაქში ასეთი სიტუაცია ქვეყნის სირცხვილია.

„შენობა ლამისაა დაინგრეს, კედლები ნესტიანი, არ არის მოსაცდელი ადგილები. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს, რატომ არ აკეთებს არაფერს მთავრობა ამ პრობლემების მოსაგვარებლად? ეს არის განუვითარებელი ქვეყნების სტანდარტი“, - წერს ტურისტი.

 როგორც კომერსანტმა გაარკვია საქალაქთაშორისო ავტოსადგურის 31 პროცენტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს ეკუთვნის. უწყებაში ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ტერიტორიის ეფექტურად განვითარება, თუმცა პასუხისმგებლობას აშკარა გაურბიან.

ავტოსადგურის დირექტორი ზაურ სოლომონიძე კი ამბობს, რომ ინვესტორის მოძიებაზე ამ დრომდე მუშაობენ თუმცა, იმის გამო, რომ სახელმწიფოს ავტოსადგურში   წილი აქვს, ინვესტორები თანხის ჩადებაზე უარს ამბობენ.

„5 წელია ინვესტორი ვერ ვიპოვეთ. გამოდის, რომ ინვესტორი ფულს ჩუქნის სახელმწიფოს. ბიზნესმენი რა ვალდებულია თავის თანხის ნაწილი სახელმწიფოს აჩუქოს“, - აცხადებს სოლომონიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×