(რეზონანსი) 30 სექტემბერს, 13:00-20:00 საათზე, კანადის ქალაქ ტორონტოში ფესტივალი: „აღმოაჩინეთ საქართველო - ღვინის აკვანი" გაიმართება, რომლის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.
ტორონტოს ქართველ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე ქავთარაძე.
ფესტივალზე გამოიფინება ქართველი მხატვრების ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები, მოეწყობა ფოტოგამოფენა. სტუმრებს ტრადიციული ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება ექნებათ.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება კონცერტი. მსმენელის წინაშე წარდგებიან კანადაში მცხოვრები ქართველი მომღერლები და კანადელების სიმღერის გუნდი, რომელიც 1993 წლიდან ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა.
საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე კანადაში ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ქართველ ხელოვანებს დააჯილდოვებს.