
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ტაქსებზე დედაქალაქის მერის ინიციატივას გამოეხმაურა. მისი თქმით, ტაქსის გადაღებვა 1000-1500 ლარი ჯდება. ამას გარდა, ტაქსის მძღოლებისთვის არსებობს სხვა დანახარჯებიც, რაც საბოლოო ჯამში, ტაქსით მგზავრობის ღირებულებას გააძვირებს და ამ თანხების ამოღება მგზავრების ჯიბიდან მოხდება.
მესხიშვილის განცხადებით, შეცდომას უშვებს მერია, როცა დედაქალაქში ტაქსებისთვის ერთ ფერს აწესებს. მისივე თქმით, ქალაქში სრული სატრანსპორტო კოლაფსია, გადაადგილება ჭირს, ტაქსის გაძვირების შემთხვევაში კი, ისინი იძულებული იქნებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ.
„მთავარი ის იყო, რომ ტაქსები ტექნიკურად ყოფილიყო გამართული, მოწესრიგებული. ეს ყველაფერი კი ადმინისტრაციულად მოგვარებულიყო. ჩემთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, სინამდვილეში რას ნიშნავს ტაქსებთან დაკავშირებით შეტევა. შეიძლება თბილისში თეთრმა ტაქსებმა იარონ, მაგრამ ჩვენთვის, მგზავრებისთვის შეიცვლება ერთი – ძვირად ვიმგზავრებთ თეთრი ტაქსით“, – განაცხადა მესხიშვილმა.