რეზონანსი
26.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოში ტექდათვალიერების მოთხოვნები შესაძლოა გამკაცრდეს, ამასთან არ არის გამორიცხული, რომ ავტომობილებში ე.წ. კატალიზატორის დაყენება სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკითხზე არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე თქვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

კახა კუჭავას განცხადებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარი გამომწვევი პრობლემა გაუმართავი ავტოპარკია. მისი თქმით, რაც არ უნდა კარგი საწვავი შემოდიოდეს ქვეყანაში, თუ ავტოპარკი გამართული არ იქნება, სავალალო შედეგებს მივიღებთ.

"არის შემთხვევები, როდესაც ე.წ. კატალიზატორებს აყენებენ ტექდათვალიერების წინ, შემდეგ კი ისევ ხსნიან. კატალიზატორების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გამონაბოლქვი შემცირდეს ან საერთოდ არ იყოს. დღეს ამ საკითხს გავივლით ექსპერტებთან",- განაცხადა კუჭავამ.

"საკომიტეტო განხილვა დავიწყეთ იმ საკითხზე, რაც ყველას აწუხებს - ეს არის თბილისში ჰაერის მდგომარეობა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს კონკრეტული ვადა მიეცათ თავისი მოსაზრებების და რეკომენდაციების წარმოსადგენად. გამოიკვეთა 15 საკანონმდებლო ინიციატივა და რეკომენდაცია, რომელსაც განვახორციელებთ წლის ბოლომდე", - განაცხადა კუჭავამ.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ტექინსპექტირების გავლა საქართველოს მასშტაბით მოქმედ 32 აკრედიტებულ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრშია შესაძლებელი. თემაზე ყველა საჭირო ინფორმაციის ნახვა კი შესაძლებელია ვებგვერდზე pti.ge. მოქმედებს ცხელი ხაზიც - 1484.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×