შვილისა და მეუღლის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძის საქმის ირგვლივ ახალი დეტალები ვრცელდება. მსჯავრდებულის დედა, ლია შამუგია დარწმუნებულია, რომ მაგდა დანაშაულს არ აღიარებს.
"ისე დახურეს ეს საქმე, თვითონ მაგდა ამბობს, ასე უცებ ვინ შემიწყალებსო. მაგდამ რომ აღიაროს, ჩათვალეთ თავზე ბომბი დამეცემა. არ აღიარებს, თვალებში ხომ ეტყობა ადამიანს, მისი მიმიკები არ გამომეპარება", – განაცხადა ლია შამუგიამ.
კითხვაზე, როგორ დასრულდა ქონებრივი დავა მაგდა პაპიძესა და მის დედამთილს დარეჯან მინდიკაურს შორის, ლია შამუგია აცხადებს, რომ სასამართლომ მანქანა გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ოჯახს მიაკუთვნა.
"ოქრო ჩვენ მოგვცეს, სერიოზული ოდენობის ოქროზეა საუბარი და მანქანა ომარის ოჯახს, რადგან მასზე იყო გაფორმებული. ვერც ფულს შევირგებდი იმისას და ვერც საჭესთან დავჯდებოდი. ძალიან მეცოდება ომარი. შვილი მომიკვდა, ომარის რომ ვეღარ ვხედავ, გული მიკვდება. დედამისს ალბათ ჰგონია არ განვიცდი, თუმცა ისე ძალიან განვიცდი, თოკოზე მით უმეტეს, თუმცა რომელზე უფრო, ამასაც ვერ გეტყვით" – ამბობს "პრაიმტაიმთან" პაპიძის დედა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მოპყრობის თვალსაზრისით, პაპიძის ოჯახი კმაყოფილია.
"ჯერჯერობით ჯანმრთელობით არაუშავს. ოდნავ ნერვიულობაზე გულის პრობლემები აქვს. წინა კვირაში ვიყავი შესული. ნორმალურად არის, მადლობას ვუხდი იქაურ ექიმებს, თავს დასტრიალებენ. თვითონ მითხრა, დედა, მადლობა გადაუხადე ყველას, რომ ასეთ გულისხმიერებას იჩენენ ჩემს მიმართო” – ჰყვება ლია შამუგია.
ლია შამუგიას თქმით, ცდილობენ გამოსავალი მოძებნონ, თუმცა მაგდა დანაშაულის აღიარებას, მხოლოდ იმიტომ, რომ შეიწყალონ, არ აპირებს.