სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ზოგადია და ბევრს აქვს იმის განცდა, რომ მათი ფასები არ შეესაბამება არსებულ რეალობას. ფასებზე დაკვირვება საქართველოს რამდენიმე ქალაქებში ხდება, ეს არის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი. გარდა ამისა, დაკვირვება ხდება თვის მეორე დეკადის მიხედვით, 10 -დან 20-ის ჩათვლით. შესაბამისად, თვის დასაწყისში და ბოლოს არსებული ცვლილებები მხედველობაში არ მიიღება. ამიტომ აჯობებს ყოველ კონკრეტულ პროდუქტზე და კონკრეტულ რეგიონზე მოხდეს ფასების გამოკითხვა.
„სავალუტო ფონდი 300 სახეობის საქონელზე ახდენს ყოველწლიურად დაკვირვებას. „საქსტატის“ მიერ სპეციალიზირებული გამოკვლევის ჩატარებას კი დამატებითი ფინანსები სჭირდება. მე ამის მომხრე ვარ, გვეცოდინებოდა პირობითად, იმერეთში კონკრეტულად 10 დასახელების მედიკამენტზე რა ფასებია და რა ტენდენციაა დინამიკაში. ეს ყველაფერი ან საქსტატის მხრიდან უნდა გაკეთდეს, ან დონორებდან მოზიდული ფინანსებით. თუმცა, მანამდე, მომხმარებელმა უნდა დააყენოს საკითხი იმაზე, რომ ინფორმაცია, რომელსაც სტატისტიკა იძლევა, არ არის საკმარისი და დამაკმაყოფილებელი“, -აცხადებს არჩვაძე.
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა მუდმივად წუხს სურსათის გაზრდილ ფასებზე, "საქსტატი" ირწმუნება, რომ ფასები პროდუქტებზე უმნიშვნელოდ არის შეცვლილი.