(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით დღეს ნიუ-იორკს ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარგველაშვილი მე -14 საერთაშორისო ფორუმის „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში" მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი გაეროს ღონისძიებების ფარგლებში იმართება და მას მსოფლიოს 50-მდე მოქმედი თუ ყოფილი ლიდერი დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტი საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად სამუშაო პანელზე დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.
გიორგი მარგველაშვილი რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და სამუშაო სადილი კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.
ქვეყნის მთავარსარდალი ამერიკის შეერთებული შტატებში „ვესტ პოინტის" სამხედრო აკადემიას (West Point) ეწვევა და აკადემიის ხელმძღვანელობასთან და კადეტებთან გამართავს შეხვედრას. გიორგი მარგველაშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს და აკადემიის ქართველ კადეტებსაც შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 29 სექტემბერს დასრულდება.