ფშავ-ხევსურეთის 10-ზე მეტ სოფელში მცხოვრებ ბავშვებს სკოლა აღარ აქვთ. შატილის, ბარისახოს და მაღაროსკარის პანსიონებმა, სადაც 27 ბავშვი ცხოვრობდა, სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო ლიცენზია ვერ მოიპოვეს.
"მთის ამბების" ცნობით, ბარისახოს სკოლაპანსიონში მოსწავლეები რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფლებიდან დადიოდნენ. მაგალითად, მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი წიკლაური ერთადერთი ბავშვია არხოტიდან, რომლის ოჯახიც მუდმივად სოფელ ამღაში ცხოვრობს. არხოტში ზამთრობით სულ 4-5 ოჯახი რჩება ხოლმე საცხოვრებლად. ბარისახოდან ამღამდე 30 კილომეტრზე მეტია.
"17 სექტემბერს, როდესაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო, გიორგი არხოტიდან ბარისახოში ჩამოსულა, მაგრამ როცა უთხრეს, რომ პანსიონი დაკეტილი იყო, უკან, ამღაში დაბრუნდა", - წერს გამოცემა.
თეონა და ნოდარ წიკლაურები კაწალხევიდან არიან და მათ ბარისახომდე, სკოლაში მოსახვედრად 20 კილომეტრზე მეტის გავლა სჭირდებოდათ. სკოლის გარეშეა დარჩენილი ლიქოკის ხეობაში მცხოვრები 5 ბავშვიც. ჭალისოფლიდან ბარისახომდე 8 კილომეტრია.
სამივე პანსიონი დუშეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. მათ მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრი“ მართავს. 2018 წელს ცენტრი დუშეთის მერიის ბიუჯეტიდან 121 ათასი ლარით ფინანსდება.
ცენტრის დირექტორის ნინო ვერძეულის თქმით, პანსიონებში მუშაობის განახლება შესაძლებელია, მაგრამ შესაბამისი ნებართვა არ აქვთ. როგორც ირკვევა, საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 22 აგვისტოს N 508 დადგენილებით, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები შეცვალა, რომლებსაც ეს პანსიონები ვეღარ აკმაყოფილებენ.