
პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას 1-ლი ნოემბრიდან ვეღარ შეძლებს. აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
საინტერესოა როგორ რეგულირდება საკითხი მაშინ, როცა მომხმარებელს ბინის შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვს და ბანკიდან იპოთეკური სესხის აღება სურს. შესაძლებელია თუ არა იპოთეკით შესაძენი უძრავი ქონების დატვირთვა?
„კომერსანტს“ ეროვნულ ბანკში განუმარტეს, რომ მომხმარებელს უძრავი ქონების საყიდლად იპოთეკური სესხის აღება შეუძლია, თუ დადასტურებულ შემოსავალს აჩვენებს. თუ ასეთი შემოსავალი არ აქვს, მაშინ ბინის ღირებულების 50%-ის გადახდა უნდა შეძლოს. ორივე შემთხვევაში შესაძენი ბინისთვის კომერციული ბანკი იპოთეკურ სესხს გასცემს.
„ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ დებულების სამუშაო ვერსია სებ-მა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მისი ამოქმედება ყველა სესხის გამცემი სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა.