ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან დიდი ოდენობით დაკარგული ნარკოტიკული ნივთიერების საქმეზე პოლიცია 44 წლის ლეილა ბასილაძეს ეძებს. სპეციალურ მედიკამენტებზე პასუხიმგებელმა ექთანმა ბასილაძემ კლინიკიდან 6000 ამპულა მორფინი გაიტანა და ქვეყანა, კლინიკის დამფუძნებელ გოჩა ყულიჯანაშვილთან ერთად, დატოვა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ექთანს ნარკოტიკულ ნივთიერება კლინიკიდან უკანონოდ თვეების განმავლობაში გაჰქონდა.
კლინიკის დირექტორი სამართალდამცველებთან საუბრისას ამტკიცებს, რომ დაკარგული მედიკამენტის შესახებ მხოლოდ გეგმიური შემოწმებისას გაიგო.
საქმის მასალების მიხედვით, ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალს ნარკოტიკული ნივთიერებით ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია "ვიტ ფარმა +" ამარაგებდა. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ექთანს ნარკოტიკული ნივთიერება თვეში ორჯერ კლინიკის ხელმძღვანელის ხელმოწერის საფუძველზე მიჰქონდა.
ლეილა ბასილაძე პოლიციაში არ მისულა და მიუხედავად იმისა, რომ 6000 ამპულა მორფინის დაკარგვის საქმეზე გამოძიება მაშინ დაიწყო, როდესაც ექთანი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდა, მან ქვეყნის დატოვება მოასწრო.
ლეილა ბასილაძე და გოჩა ყულიჯანაშვილი, "კურიერის" ინფორმაციით, თურქეთში იმყოფებიან.