ბარნოვზე, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე გამოკითხული სამედიცინო ექსპერტის ჩვენებით, გამრეკელაშვილს მამინაცვალმა 33 ჭრილობა მიაყენა.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც უშუალოდ გამოიკვლია გარდაცვლილის გვამი. აღნიშნული ექსპერტიზით და თავად ექსპერტის ჩვენებით დადასტურდა, რომ გვამს აღენიშნებოდა 33 ჭრილობა, ასევე აღენიშნებოდა მრავალი სისხლნაჟღენთი დაზიანება. 33 ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობიდან 8 კისრის არეში იყო შემავალი, 2 გულ-მკერდის არეში, დანარჩენი სხვადასხვა ადგილებზე. კისრის და ყელის არეში არსებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გარდაცვალება", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.
მისი განმარტებით, ბრალდებულის მიერ მოკლულის დედის, ნათელა გობაძის მიმართ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, მან მორალური და ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა.