დედაქალაქის მერს მუსიკალური გზების პროექტის განხორციელებას სთავაზობენ. მერიის ვებ-გვერდზე კარგა ხანია ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანი მუსიკალური გზების პროექტის შექმნას გულისხმობს.
„გზებზე და ტრასებზე მრავლად არის ყვითელი საღებავის ჰორიზონტალური ზოლები რომლებიც გამოყენებულია უსაფრთხოების მიზნით. როდესაც ავტომობილი ამ ზოლზე გადადის, იგი გამოსცემს გარკვეულ ვიბრაციას. იდეაც იმაში მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა სიგრძის, სხვადასხვა რაოდენობის, სიმკვრივის ზოლები შეუსაბამოთ ნოტებს და როდესაც ავტომობილები გარკვეული სიჩქარით ამ ზოლებზე გაივლიან, ისინი მელოდიას გამოსცემენ.
პროექტი ძალზე სახალისო, დასამახსოვრებელი და იმავდროულად უსაფრთხო იქნება, რადგან თუ ავტომობილი გზაზე მითითებულ სიჩქარით არ გაივლის, (რაც გამაფრთხილებელ საგზაო ნიშანზე იქნება) მასში მყოფი მგზავრები მელოდიას ვერ გაიგებენ. მაგალითად, აეროპორტის ტრასაზე შეიძლება გავაკეთოთ „თბილისო“-ს მელოდია. ეს მელოდია სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
იდეაზე ხმის მიცემის ვადა მიმდინარე წლის 16 ნოემბრამდეა.