(რეზონანსი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობიდან გადადგომამდე, მუშაობის ბოლო თვეს - ივლისში 2,5-ჯერ მეტი დანამატი აიღო, ვიდრე მიმდინარე წლის სხვა თვეებში. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ნინო გვენეტაძეს 2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, მხოლოდ დანამატის სახით მიღებული აქვს ყოველთვიურად 4218,75 ლარი, ივლისში კი - 11,218 ლარი. ამასთან, გვენეტაძეს, რომელმაც სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ 2 აგვისტოს განაცხადა, დანამატი აღებული აქვს აგვისტოშიც, რაც ამ შემთხვევაში 2,036 ლარს შეადგენს.
ჯამურად, მიმდინარე წლის იანვრიდან - აგვისტოს პერიოდში ნინო გვენეტაძის მიერ დანამატის სახით მიღებული შემოსავალი 38 568 ლარს შეადგენს. რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს, გვენეტაძე ყოველთვიურად 7 000 ლარს იღებდა, რაც ამ პერიოდში ჯამურად 52 181 ლარს შეადგენს.
ნინო გვენეტაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით 2 აგვისტოს დატოვა.