რეზონანსი
20.09.2018

 "ყურადღებით! გაფრთხილდით! აქ გადასვლა საშიშია თქვენი სიცოცხლისთვის" -  ამ განცხადებით მოსკოვის გამზირის მე-5-ე კვარტლის მცხოვრებლები ერთმანეთის სიცოცხლეზე ზრუნავენ. დაახლოებით ერთი თვეა რაც „ევექსის“ კლინიკასთან მისასვლელი კიბე ჩანგრეულია. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე შემოვლითი გზაც არსებობს, ადგილობრივები ამ კიბით დახმარებით ცენტრალურ გზაზე ხვდებიან, შესაბამისად გზის შემოკლებას ამ მეთოდით ბევრი ადამიანი ცდილობს. 

„ერთი თვეა  კიბე ჩანგრეულია და ადგილობრივი თვითმმართველობიდან არავინ გვინახავს მოსული.  გამაფრთხილებელი აბრები ისევ ჩვენ გავაკარით, რადგან კიბის ჩანგრევის საშიშროებაა . მიუხედავად ამისა, ხალხი ამ კიბით მაინც სარგებლობს, რადგან საავადმყოფოსთან მისასვლელი უმოკლესი გზაა. ამ კიბით ბავშვებიც სარგებლობენ, რადგან აქვეა ცენტრალური გზა და სამარშუტო ტაქსებით მიდიან სკოლაში. საფრთხე რეალურია. ვინმე რომ დაშავდეს ვინ იქნება პასუხისმგებელი?“ - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნატა ნინიძე, რომელიც ალომდებარე კორპუსში ცხოვრობს.

 „კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია, ჰქონდათ თუ არა დაზიანებული კიბის შესახებ ინფორმაცია სამგორის გამგეობას. ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია აქვთ და მიმდინარეობს დაზიანების გამომწვევი მიზეზების შესწავლა.

„გამგეობა ჩართულია ამ საკითხში, ახლა მიმდინარეობს პროცესების შესწავლა. ხომ არ გამოიწვია კიბის დაზიანება „ევექსის“ კლინიკის ეზოს მოწყობამ. ამის შემდეგ გახდება ცნობილი კლინიკა მოაგვარებს პრობლემას თუ ჩვენ“,- აცხადებენ სამგორის გამგეობაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×