
ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატის განცხადებით, გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლორა სმიტს უკანა ტანის არეში არ აღენიშნება არანაირი ძალადობის კვალი, ხოლო ბავშვის მიმართ განხორციელებულია 3-4 გასროლა.
„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლორა სმიტს არ აღენიშნება უკანა ტანის არეში არანაირი ძალადობა. ასევე დაადგინა, რომ ბავშვის მიმართ დაახლოებით 3-4 გასროლაა განხორციელებული, მათ შორის, ერთი მიბჯენით. ეს დაზიანებები სხვადასხვა ტრაექტორიიდან არის მიყენებული“, – განაცხადა კობაურის მეორე ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.
მისივე თქმით, მას კითხვები აქვს საგამოძიებო უწყებასთან და გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის, თუ როგორ მოხვდა შემთხვევის ადგილზე სიგარეტის ნამწვი მაშინ, როდესაც თამბაქოს არ მოიხმარდნენ არც გარდაცვლილი და არც ბრალდებული პირი. ადვოკატი მოითხოვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მცხეთის რაიონული პროკურატურა ვერ ართმევს თავს მიმდინარე საქმის გამოძიებას, საქმე გადაეცეს მთავარ პროკურატურას.
წინასასამართლო სხდომა 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული.