(რეზონანსი) თუ ჩემი მოთხოვნები არ შესრულდება, მე წავალ, მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ძალიან მალე გავხდები ამერიკის სენატორი, - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე ცესკომ უარი უთხრა. მისი თქმით, მომავალი კვირიდან პარლამენტის გადადგომის მოთხოვნით აქციებს დაიწყებს.
"დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები არ იქნება სამართლიანი, წესიერი. იქნება ფულების ტრიალი. ამიტომ მე, როგორც ჩემი ოჯახის შვილს, როგორც რეჟისორს არ მეკადრება ასეთ საზიზღრობაში მივიღო მონაწილეობა.
მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის არჩევნებზე. ჩემი საბუთები არის იუსტიციის სამინისტროში. მოძრაობა ჩამოვაყალიბე, არავითარი პარტია. მოძრაობას დავარქვით "ხალხის ნება".
თუ არ შესრულდება ჩემი მოთხოვნები, მე წავალ, მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ძალიან მალე გავხდები ამერიკის სენატორი "კონსერვატიული პარტიიდან". იმიტომ კი არა, რომ დავრჩე, არამედ იმიტომ, რომ გამარჯვებული ჩამოვიდე, - განაცხადა შენგელაიამ.