რეზონანსი
20.09.2018

 (რეზონანსი) ფინანსთა მინისტრი ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მივიდა. ივანე მაჭავარიანი ამ წუთებში შენობაში იმყოფება და იმ მძღოლს ხვდება, რომელიც დილიდან სახურავზე იყო ასული და თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

კაცი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა სახურავიდან ჩამოსვლას, რაც დაარწმუნეს, რომ ადგილზე ფინანსთა მინისტრი მივიდა. შენობაშია ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მამაკაცს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრი შეხვდრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

19 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროში ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება.

შეხვედრამდე ხორბლის და მარცვლეულის სახმელეთო გადაზიდვების შეჩერების გადაწყვეტილების გამო, მძღოლებმა აქცია გამართეს და შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერმინალის ტერიტორია გადაკეტეს.

მანამდე ფინანსთა მინისტრის ბრძანება 19-მა ბიზნესოპერატორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ხორბლის ექსპორტის საკითხთან დაკავშირებით, "ევროპული საქართველო" ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს საქართველოს პარლამენტში იბარებს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანა 15 სექტემბრიდან უნდა აკრძალულიყო, თუმცა, აკრძალვის ვადა 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.

ფინანსთა მინისტრმა აგვისტოს დასაწყისში ამ გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და თქვა, რომ ხორბლის შემოტანა რუსეთ-საქართველოს საზღვართან შეფერხებებს იწვევდა, რის გამოც ტურისტებს დისკომფორტი ექმნებოდათ. მინისტრმა ისიც დასძინა, რომ ხორბლის სახმელეთო გზებით გადაზიდვა ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო, მანამდე კი ეს ისედაც საზღვაო და სარკინიგზო რესურსებით ხდებოდა.

1 სექტემბრიდან საქართველოდან სომხეთის მიმართულებით ხორბლის სარკინიგზო გადაზიდვაზე ტარიფი განახევრდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×