კანაფის კულტივირების კანონპროექტს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციები ეხმაურებიან და ინიციატივას უარყოფითად აფასებენ.
„მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზება მძიმე ნარკოტიკების მოხმარების დასაბამი იქნება. როდესაც გარკვეული აკრძალვებია, ახალგაზრდებს უჩნდებათ ინტერესი, რომ გასინჯონ ეს ნივთიერება. ეს ფაქტი დამაზიანებელი იქნება მომავალი თაობისათვის. თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, ახალგაზრდებს და მათ მომავალს გავანადგურებთ. ბოლო პერიოდში მხედველობაში მაქვს - აზერბაიჯანელი ახალგაზრდები უსაქმურობენ, არიან ქუჩაში და თუ დაშვებული იქნება მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება, მათ კიდევ მიეცემათ სტიმული, რომ გართობისკენ იყვნენ ორიენტირებულნი.
ისლამი კრძალავს ნარკოტიკებს, შესაბამისად, ჩვენთვის მისი ნებისმიერი სახით მოყვანა მიუღებელია. ეს ფაქტი საქართველოს იმიჯს შეულახავს მთელს მსოფლიოში“, - აცხადებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იდიგოვი.
კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ჯუზეპე პაზოტო კი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკი ბოროტებაა და შეუძლებელია მასთან კომპრომისზე წასვლა.
„იმის გამო, რომ ნარკოტიკების ჭირი კვებავს ბინძურ ბაზარს, უსინდისო ხალხის ჯიბის გასქელებით, ჩვენი სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება ყველა მათ, ვინც ადამიანის სიკეთისა და ღირსების სადარაჯოზე დგას“, - აღნიშნავს პაზოტო.