პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებზე საუბრობს. 2012-17 წლებში ბიუროკრატიული ხარჯი 685 მლნ ლარით გაიზარდა. ამ ხარჯებში იგულისხმება საჯარო მოხელეთა ხელფასებიც; ჯარში და პოლიციაში დასაქმებული ადამიანების შემოსავლები.
„დღეს საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მუშაობა არაეფექტიანი და უხარსიხოა. ერთი ადამიანის გასაკეთებელი საქმე 5 კაცზეა გადანაწილებული. მაღალკვალიფიციური კადრი კი 1200-1300-ლარიან ხელფასზე არ წამოვა. სწორედ ამ პრობლემების მოგვარება გახლავთ მთავრობის ძირითადი ამოცანა და პროცესები უკვე დაწყებულია. ოპტიმიზაცია ხორციელდება ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ. საბოლოოდ, მივიღებთ პროფესიონალ კადრებს, რომლეთა რაოდენობა იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე დღეს არის“, - აღნიშნა "კომერსანტთან" ზოიძემ.
გარდა ამისა, სამსახური დღეს სოციალური შემწეობის მთავარ წყაროდ არის გადაქცეული, რაც დეპუტატის თქმით, დაუშვებელია.
„ყბადაღებული ათასობით სსიპ-ი და აიპ-ი სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. მაგალითად, რაჭაში იყო შემთხვევა 40-კაციანი სახელმწიფო ორკესტრისა. არ იყო სამუშაოები და ხდებოდა ადამიანების არაპირდაპირი სოციალური დახმარება საჯარო სექტორში დასაქმებით, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურა ვერ გახდება სოციალური დახმარების წყარო და ეს უნდა შეიცვალოს“, - აცხადებს ზოიძე.