დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ნავთობპროდუქტებზე და გაზზე აქციზის განაკვეთის განახევრების შესახებ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელიც ვრცელდება როგორც საქართველოში მოპოვებულ, ისე იმპორტირებულ საწვავსა და გაზზე. აქციზის გადასახადის შემცირება არამარტო თავად ამ პროდუქტებს, არამედ იმ პროდუქტებსაც გააიაფებს, რაშიც გაზი და ნავთობპროდუქტები გამოიყენება.
„უნდა განახევრდეს აქციზური გადასახადი ნავთობპროდუქტებსა და საწვავ გაზზე, რაც დაახლოებით 312 მილიონი ლარის დატოვებას გამოიწვევს აღნიშნულ სექტორში და შესაბამისად გამოიწვევს საწვავის ფასის შემცირებას, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა", - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.
ნავთობიმპორტიორები ასევე მუშაობენ მოდელზე, როგორ შეიძლება შემცირდეს აქციზის განაკვეთი, რომელმაც გასული წლის ცვლილებების შემდეგ 20-25 თეთრით გააძვირა ქსელში საწვავი. "ვისოლის" გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა "ბიემთან" აცხადებს, რომ ერთ-ერთი მოდელი აქციზის ვალუტის კურსზე მიბმაა, რა მოდელსაც ისინი მთავრობას სთავაზობენ. ხორავა ამბობს, რომ კომპანიები ინიციატივის გაცნობას პრემიერ მინისტრთან გეგმავენ და ეს შეხვედრა შეიძლება მიმდინარე კვირაშიც ჩაინიშნოს.
გაიზიარებს თუ არა მთავრობა ბიზნესის შეთავაზებას უცნობია.