რეზონანსი
19.09.2018

 (რეზონანსი) თამბაქოს მსგავსად ალკოჰოლის მოხმარება, ხელმისაწვდომობა და რეკლამირებაც შეიზღუდება.

შესაბამისი სამოქმედო სტრატეგია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უკვე მომზადებული აქვს და პარლამენტში ინიცირებას გეგმავს. „ბიზნესპრესნიუსის" მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ალკოჰოლის საცალო გაყიდვა კონკრეტულ დღეებსა და საათებში შეიზღუდება. ასევე შემცირდება მისი რეალიზაციის ადგილები.

დოკუმენტის თანახმად, ალკოჰოლის მოხმარება შესაძლოა აიკრძალოს სამუშაო საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საჯარო დაწესებულებებსა და ყველა ტიპის ტრანსპორტში, მათ შორის საზოგადოებრივში.

ასევე, იგეგმება ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის საწინააღმდეგო კანონებისა და შესაბამისი ზომების გამკაცრება. კერძოდ კი საუბარია სისხლში ალკოჰოლის შემცველობის ლიმიტის შემცირებაზე. როგორც ინიციატივის ავტორები აცხადებენ, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში იგი დადგენილია 0.2 გ/ლ ზღვარით. საქართველოში დღეს მოქმედი კანონით კი ეს ზღვარი 0.3 გ/ლ-ია.

იზღუდება აგრეთვე ალკოჰოლის ხელმისაწვდომობა. მათ შორის, მოხდება ალკოჰოლის დისტრიბუციისა და ალკოჰოლის გაყიდვის ადგილების შემცირება და ალკოჰოლის მოხმარების (შენობის შიდა და გარე) ადგილების რაოდენობის საკანონმდებლო რეგულირება.

წყარო:Bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×