(რეზონანსი) ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ უღირსი კამპანია მიმდინარეობს, რადგან ქალია. ამის შესახებ სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენი ქვეყნის ტრადიცია არის ქალის პატივისცემა. მსოფლიოში ერთ-ერთი მიმართულება არის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა და ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალზე პოლიტიკოსზე მიმდინარეობს თავდასხმა ყველაზე უღირსი ფორმებით იმიტომ, რომ ის არის ქალი.
სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმიან უღირსი ფორმებით, რაც რბილად რომ ვთქვათ არის ძალიან ამორალური. ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას უნდა მიესალმებოდნენ ისინი, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან პროევროპული და პროდასავლური ლიდერები. ქალთა პოლიტიკური ჩართულობა ხარისხობრივად აუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკაში, არის უფრო ჰუმანური, სოციალურად ორიენტირებული და კარგად აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდაზე", - განაცხადა დეპუტატმა.