(რეზონანსი)საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შსს-ს მიერ მომზადებულ და მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტებზე პარლამენტს წერილობითი მოსაზრებებით მიმართავს.
საია-ს ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მცენარე მარიხუანას უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან/და გადაგზავნისთვის, ასევე, ამავე კოდექსით გათვალისწინებულ ადგილებში, ან ვითარებაში მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით მოხმარებისთვის.
საია მიიჩნევს, რომ მარიხუანას და მცენარე კანაფის შემთხვევაში თამბაქოს მსგავსი რეგულაციების პირდაპირ დაწესება მიზანშეუწონელია, რადგან დაწესებულებას შეიძლება არ გააჩნდეს შესაბამისი კომპეტენცია იმის დასადგენად, თუ რის ზემოქმედების ქვეშაა პირი. აგრეთვე გაურკვეველია, თუ რა იგულისხმება შესაბამისი ზომების მიღებაში;
მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებათა ჩამორთმევის შესაძლებლობის მიცემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს;
სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ზღვრის 18-დან 21 წლამდე აწევა საჭიროებს დამატებით დასაბუთებას და მსჯელობას, თუ რამდენად გამომდინარეობს იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ან რამდენად არის შესაბამისობაში საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან;
მცენარე კანაფის ან მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობის მსგავსად.
საია მიმართავს პარლამენტს, წარმოდგენილ კანონპროექტზე მსჯელობისას გაითვალისწინოთ დასკვნაში ასახული მოსაზრებები და შენიშვნები", - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.