ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ახალ-ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი. სტუდენტების ნაწილს არ აღმოაჩნდა საკმარისი ფინანსები და სხვადასხვა ხერხით მოუწია სწავლის შეწყვეტა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოველ წელს იზრდება იმ სტუდენტების რაოდენობა, ვინც გადაწყვიტა აკადემიურის აღება. ამის მიზეზი, უმეტესად, ფინანსური პრობლემაა.
საქართველოში რთული ეკონომიკური მდგომარეობა თითქმის ყველა ფენის წარმომადგენელს შეეხო. განსაკუთრებით მძიმეა ეს პრობლემა იმ ახალგაზრდებისათვის, ვისაც, სწავლის სურვილის მიუხედავად, საკმარისი თანხა არ გააჩნიათ და ვერ აგრძელებენ განათლების მიღებას. მათ შორის არიან სტუდენტებიც, რომლებიც წელს ჩაირიცხნენ, თუმცა ვერ მიიღეს სახელმწიფო გრანტი იმ რაოდენობით, რასაც ელოდნენ და სწორედ ამის გამო ვერ იწყებენ სწავლას. ერთ-ერთი მათგანია სალომე ჯოლოგუა.
"სამედიცინო უნივერსიტეტი მეწერა პირველი და ძალიან დიდი იმედი მქონდა, 100%-იანს თუ ვერა 70%-იან გრანტს მაინც ავიღებდი. არასდროს ვყოფილვარ ცუდი მოსწავლე და მომზადების პერიოდშიც თავი არ დამიზოგავს. ეჭვი საერთოდ არ შემპარვია, თუმცა ვერ მოვახერხე გრანტის აღება.
ჩემი ოჯახი ნამდვილად არ იყო ამისთვის მზად და, შესაბამისად, ვერ ვიწყებ წელს სწავლას. მიუხედავად იმისა, რომ სასურველ ადგილზე მოვხვდი, მომიწევს, მომავალ წლამდე მოთმინებით მოვეკიდო ამ საკითხს, მოვემზადო და შემდეგ წელს ჩავაბარო. ყველაზე მტკივნეულია, როდესაც აცნობიერებ, რომ მხოლოდ ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ იწყებ სწავლას.
საქართველოში განათლების მიღება ზოგადად ძალიან ძვირი ჯდება და წინა პერიოდი ხომ საერთოდ საშინელებაა. ემზადები და ამაში იხდი უამრავ ფულს, რადგან სკოლა არ იძლევა სათანადო განათლებას, ამის შემდეგ კი გრანტის აღებაც რთულია და ამხელა გადასახადის გადახდა უჭირთ ოჯახებს. ჩემ გარშემო ასეთი ძალიან ბევრია. მაგალითად, ერთ-ერთი კლასელი იძულებული იყო, ისეთი ფაკულტეტები და უნივერსიტეტები ჩაეწერა, რომლებიც საერთოდ უნდოდა და არ სურდა იქ სწავლა, მაგრამ იმის გამო, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა, უფასო ფაკულტეტები შეიყვანა პირველ რიგში.
სახელმწიფო მომავალ თაობას უფრო მეტად უნდა ეხმარებოდეს განათლების მიღებაში. ვფიქრობ, იმაზე კარგი ინვესტიცია არ არსებობს, ახალგაზრდებს მისცე განათლება იმ კუთხით, რა კუთხითაც მათ სურთ. ასევე კარგი იქნება, დაამატონ უფასო ფაკულტეტები და გაამრავალფეროვნონ ჩამონათვალი", - აღნიშნა "რეზონანსთან" სალომე ჯოლოგუამ.
სტატუსშეჩერებული სტუდენტებიც საკმაოდ რთული პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და ეს პრობლემა მუდმივი გახდა იმის ნაცვლად, რომ მათმა რიცხვმა იკლოს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მუდმივად იძლევა დანაპირებს, ხელმოკლე სტუდენტებისათვის სასიკეთოდ არაფერი იცვლება. მათი რაოდენობა ისევ იზრდება და იზრდება.
გიორგი სანიკიძე "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის" მესამე კურსის სტუდენტია, თუმცა ის წელს, ფინანსური მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა, ერთი წლით სტატუსი შეეჩერებინა და სამსახური დაეწყო, რადგან შემდეგ წელს მაინც შეძლოს სწავლის გაგრძელება:
"მესამე კურსამდე ჩვეულებრივ მიხდიდა ოჯახი სწავლის საფასურს, მაგრამ წელს ჩემმა დამ ჩააბარა და მივხვდი, რომ ორივეს ერთად ვერ გასწვდებოდნენ. შესაბამისად, ბევრი ფიქრის შემდეგ ავიღე ერთწლიანი აკადემიური, გადავწყვიტე, ეს პერიოდი ვიმუშაო და დავაგროვო საჭირო თანხა, რომ დანარჩენი ორი წელი მე თავად დავფარო და გავაგრძელო სწავლა.
აკადემიური 40 ბავშვიდან წელს სამმა სტუდენტმა აიღო ჩემს ჯგუფში და ზოგადად სწავლა პირველი კურსის შემდეგ ძალიან ბევრმა მათგანმა შეწყვიტა. ვფიქრობ, რამე სახის შეღავათი უნდა არსებობდეს იმ სტუდენტებისათვის, ვისაც ნამდვილად უნდათ სწავლის გაგრძელება, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ.
კარგი იქნებოდა, ყოფილიყო ყველა უნივერსიტეტში თითო უფასო პროგრამა. აბიტურიენტებს ასე მიეცემათ საშუალება, ისწავლონ იმ უნივერსიტეტში, სადაც მათ სურთ. ყოველთვის მესმოდა სხვებისგან, აქციებიც კი მახსოვს, სტატუსშეჩერებული სტუდენტები როგორ იბრძოდნენ სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ ფაქტია, სახელმწიფოს არაფერი შეუცვლია. ნაწილობრივ მათიც მესმის, ერთხელ იძლევიან შანსს, რომ სტუდენტებმა აიღონ გრანტი, მაგრამ ამას ძალიან დიდი ნაწილი ვერ ახერხებს.
ზოგიერთ უნივერსიტეტს შიდა გრანტები აქვს და ასევე გრანტის გაუმჯობესების შანსებიც არის, მაგრამ ამისათვისაც ფინანსებია საჭირო და უნარებში მომზადება არც ისე იაფი ჯდება. შესაბამისად, ვისაც უჭირს, ის ამას ვერ მოახერხებს და რა მნიშვნელობა აქვს, სწავლის საფასურს ვერ დაფარავ თუ რეპეტიტორის ფულს ვერ გადაიხდი..." - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი სანიკიძემ.