გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ასევე გრიგოლეთსა და დაბა ურეკში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორადა მეწყრული პროცესები განვითარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გურიის გუბერნიაში განაცხადეს, ამ დროისთვის სახლების პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. მეწყრული პროცესი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში განვითარდა, თუმცა საცხოვრებელი სახლებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.
ძლიერმა წვიმამ დღის განმავლობაში პრობლემები ცენტრალურ გზაზეც შექმნა. ამ დროისთვის გადაადგილება თავისუფალია.
"დღეს დილით მოვარდნილმა ღვარცოფმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. დაიტბორა შიდა მიმოსვლის გზები, დაზიანდა ხიდები და მილხიდები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები. სტიქიამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. უამინდობის მიუხედავად, სწავლა დღეს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო თუ საბაზო სკოლაში დაიწყო, გარდა შრომისუბნის საჯარო სკოლისა. რესურს-ცენტრის უფროსის, ნინო ჩიტაძის განცხადებით, შრომისუბნის სკოლის ეზო და პირველი სართული დაიტბორა, რის გამოც ამ სკოლაში სწავლის პროცესი გადაიდო", - აცხადებენ გურიის გუბერნიაში.