მარიხუანას კულტივაცია და მთავრობის ინიციატივა - ხელისუფლებამ საპატრიარქოს მწვავე რეაქციის შემდეგ, საკითხზე მუშაობა დროებით შეაჩერა. აკაკი ზოიძე კი მიიჩნევს, რომ სინდისის გარდა, ყველაფრის გაყიდვა შესაძლებელია:
"ყველა ვხედავთ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს. ახალი ბაზარი ჩნდება, რომელიც სამკურნალო მიზნით ამ მცენარის გამოყენებას ეხება. ჯერჯერობით მოთხოვნა მკვეთრად აჭარბებს მიწოდებას. როგორც ბიტკოინზე იყო. უცებ დაიწყო ბიტკოინების წარმოება, დღეს კი ეს პოპულარული თემა აღარ არის იმდენად, რამდენადაც ადრე იყო. დაახლოებით ასეთივე არის ამ პროდუქტთან. ჩვენ ექსპორტზე უნდა გავიტანოთ ყველაფერი თუ ამ გაყიდვის შედეგად თითოეული მოქალაქე სარგებელს ნახავს.
მე დავეთანხმები ერთ-ერთ ცნობილ ადამიანს - სინდისის გარდა ყველაფრის გაყიდვა შეიძლება. სინდისის, სამშობლოს გაყიდვა შეუძლებელია, დანარჩენი ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, თუ ამით სარგებელი მოდის ჩვენი მოქალაქეებისთვის. კანაფიდან იწარმოება წამალი და ამ წამლიდან შემოსული თანხა ამავე მცენარისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ კონცეფციაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ვერც მორალური, ვერც საზოგადოებრივი, ვერც ეკონომიკური კუთხით", - განაცხადა ზოიძემ.