საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონის“ პროექტი მოამზადა, რომელიც აღნიშნული სექტორისთვის რეგულაციებს ითვალისწინებს.
კანონპროექტის განხილვა სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში გაიმართა. ერთ-ერთი სიახლე, რაც კანონპროექტს შემოაქვს, თამაშებში მონაწილეობის ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე გაზრდაა.
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენლები ასაკობრივი ზღვარის გაზრდას ეწინააღმდეგებიან, რადგან მათი განმარტებით, 25 წლამდე მოქალაქეები, ვისაც თამაშის სურილი აქვთ, ან უცხოური ვებ-გვერდით ისარგებლებენ ან ხელზე თამაშის პრაქტიკა დამკვიდრდება.
„ძალიან ბევრი მოთამაშე წავა უცხოურ საიტებზე, რაც ეკონომიკაში პრობლემებს გამოიწვევს - ვალუტის გადინებას ქვეყნიდან და სრულ უკონტროლობას ამ ბაზარზე, ის მომხმარებელი კი, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში სხვა ბაზარზე იქნება, საქართველოში არ დაბრუნდება. დღეს დარგი საკმაოდ დიდ გადასახადებს იხდის, საკმაოდ ბევრ დამოკიდებულ ბიზნესებთან არის კონტაქტში, საიდანაც ასევე შესდის სახელმწიფოს გადასახადები“, - აღნიშნა "ბიემთან" სათამაშო ბიზნეს ასოციაციის გამგეობის წევრმა გიორგი მამულაიშვილმა.
ამ ეტაპზე ონლაინ-თამაშებში მონაწილეობა 18 წლის მოქალაქეს შეუძლია, უშუალოდ სამორინესა და აზარტულ კლუბში შესვლა კი - 21 წლის.